მიხეილ კალანდიას ადვოკატი: მენაბდის ირგვლივ არსებული მტკიცებულებები გამოიყენეს დღეს, რადგან გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ დასჭირდათ
“გიორგი მენაბდის ირგვლივ არსებული მტკიცებულებები გამოიყენეს დღეს, რადგან „ქართული ოცნების“ ჩასაძირად განწირული გემიდან გადამხტარი გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ დასჭირდათ”, – ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიამ, ფაქტობრივად, გაყალბებული მტკიცებულებები დააყენებინა ქართულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილება მიხეილ კალანდიას უკანონო პატიმრობის სახით.
„გენერალური პროკურატურის გუშინდელი გადაწყვეტილება კონკრეტული მაგალითია საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობისა, რადგან იმ მტკიცებულებების შესახებ, რაც არსებობდა მენაბდის ირგვლივ, მათ კარგა ხანია, იციან, მაგრამ ეს გამოიყენეს დღეს, როდესაც დასჭირდათ „ქართული ოცნების“ ჩასაძირად განწირული გემიდან გადამხტარი გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ. კალანდიას წინააღმდეგ არსებული საქმე პირდაპირ შეთითხნილია გიორგი გახარიას მიერ, მისი ეგრეთ წოდებული ახალი გამოძიების პროდუქტია. მისი და მთავრობასთან შეთანხმებული, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის გამოძიების შედეგია და დღეს როდესაც უკვე ეს ადამიანი (გახარია) უმართავი გახდა მათთვის, ამათ აქვთ შესანიშნავი არგუმენტი და კომპრომატი იმის თაობაზე, რომ გახარიამ ფაქტობრივად გაყალბებული მტკიცებულებები დააყენებინა ქართულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილება მიხეილ კალანდიას უკანონო პატიმრობის სახით“, – განაცხადა ადვოკატმა.
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს.