დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
მენაბდის ადვოკატის თქმით, გამოძიების მტკიცებულებებს უნდა გაეცნონ.
„ახალი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც მან გამოძიებას მისცა მოწმედ დაკითხვის დროს, არ გააჩნია. მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ, რასაც გამოძიება წარმოადგენს და იქიდან გამომდინარე უნდა გავცეთ კითხვებს პასუხები”, – განაცხადა დადიანმა.
ადვოკატის თქმით, 2017 წლის პირველ დეკემბერს გიორგი მენაბდემ მსუბუქი დაზიანება მიიღო ხერხემლის არეში, თუმცა, ვინაიდან დაზიანება ზურგიდან იყო მიყენებული, არ იცის, ვინ მიაყენა დაზიანება, ჭრილობა კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა. მისივე თქმით, არასწორია, თითქოს მენაბდემ დაჭრის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას არ მიაწოდა და არც სამედიცინო დახმარებას არ მიმართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ,დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.