დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულის დედა: ხელში გიორგის და მის მეგობარს არაფერი ეკავათ – გამოძიებასთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ, არც დამალულა
ხელში გიორგის და მის მეგობარს არაფერი ეკავათ – გამოძიებასთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ, არც დამალულა, – ამის შესახებ დავით სარალიძის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდის დედამ განაცხადა.
„ხელში ამას და მის მეგობარს არაფერი ეკავათ. იმ დღიდანვე, როცა მოაკითხეს და დაკითხვაზე წაიყვანეს, პირველი დღიდან ვთანამშრომლობთ – არც დამალულა, სასამართლო პროცესებზეც ილაპარაკა. სახლში არ იყო, მაგრამ საიდან აიყვანეს ეგ არ ვიცი“, – ამის შსესახებ დაკავებულის დედამ „ტვ პირველს“ განუცხადა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.