ალი ბაბაევი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალები – ნაცვლად იმისა, ხელი შეუწყონ ყველა სასიკეთო საქმეს, პირიქით, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინონ
“2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო თარიღი, როდესაც ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა ქვეყანაში არსებული სასტიკი რეჟიმის ხელისუფლებიდან გადაგდება. საჭიროა სერიოზული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა, პირველ ყოვლისა, დავიცვათ ის მიღწევები, რაც მოჰყვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს”, – ამის შესახებ „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე, ალი ბაბაევი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალები – ნაცვლად იმისა, ხელი შეუწყონ ყველა სასიკეთო საქმეს, პირიქით, ყველანაირად ცდილობენ – ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინონ.
“მე, როგორც ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქე, ვიბრძოდი და ვიბრძვი ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სტაბილურობის, ეკონომიკური გაძლიერებისა და პირველ რიგში სამართლიანობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან დღემდე ვიდექი იმ ძალების გვერდით, რომლებიც იბრძოდნენ ყველა ზემოთ აღნიშნული პრინციპებისთვის. 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო სწორედ ის თარიღი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხდა ქვეყანაში არსებული სასტიკი, მოძალადე და უსამართლო რეჟიმის ხელისუფლებიდან გადაგდება. ამ თარიღის შემდგომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” კოალიციით რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად. მე ვიყავი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიყავი სათათბიროს წევრი, პოლიტ საბჭოს წევრი და დღემდე აქტიურად ჩართული ვარ პარტიაში მიმდინარე პროცესებში. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილებები მოხდა პარტია ქართულ ოცნებაში, მათ შორის ხშირი იყო ღალატი იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც იყვნენ კოალიციაში მასთან. ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და პარტია ქართული ოცნების წყალობით ისინი მოხვდნენ როგორც პარლამენტში, ასევე სახელმწიფოს მართვის წამყვან სტრუქტურებში. სამწუხაროდ დღემდე ეს ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფები, ნაცვლად მადლიერებისა ეწევიან ანტიპარტიულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. ზოგიერთი მათგანი დღეს სწორედ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მემკვიდრე ე. წ. ოპოზიციური დაჯგუფების გვერდით დგას. ამდენად, ისინი მათთან ერთად სათავეში უდგანან ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ეკონომიკური კრიზისის, სოციალური სიდუხჭირისა და რაც ყველაზე სამწუხაროა პანდემიის მძვინვარებას. ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დიდი შეცდომა იყო კოჰაბიტაციის მცდელობა და შედეგად სახელმწიფო მართვის სტრუქტურებსა და საკანონმდებლო ორგანოებში პორტირებული ნაციონალების დასაქმება, რამაც გამოიწვია მმართველი პარტია ქართული ოცნების სტრუქტურის დაბინძურება. რაც ყველაზე სამწუხაროა ყოველივე ამან გამოიწვია პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგებიდან ერთგული და სანიმუშო აქტივისტების გადინება და ამასთან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნდობის შესუსტება. ყოველივე ეს კი ნათლად გვიჩვენა ოქტომბრის არჩევნებმა, რაც გამოიხატა იმაში რომ ოპოზიციურმა ძალებმა მიიღო სამოცი მანდატი, ეს კი უპრეცენდენტო მოვლენა იყო ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. ყოველივე ამის ფონზე მნიშვნელოვანია, პარტიის ხელმძღვანელობამ ჩაატაროს სერიოზული რეფორმა ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს სტრუქტურაში, როგორც ცენტრალურ ისე რეგიონალურ ორგანიზაციებში. გაიმართოს შეხვედრები და შედგეს დიალოგი პარტიის სანდო და აქტიურ წევრებთან, რომელთა გარიყვა გამოიწვია სწორედ ზემოთ აღნიშნულმა პროცესებმა. მე მწამს რომ ეს სერიოზულ შედეგებს მოიტანს. რაც შეეხება პარტიის იმ წევრებს რომელთაც უნდობლობა გამოუცხადეს როგორც პარლამენტში ისე სახელმწიფო სტრუქტურებში, ჩანს რომ არ იყვნენ სანდო პარტიის ერთგულებაში. საჭიროა სერიოზული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა რათა პირველ რიგში დავიცვათ ის მიღწევები, რაც მოყვა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ამასთანავე აუცილებელია მოხდეს ყველა იმ გაკეთებული საქმის აქტიური და სწორი პოპულარიზაცია, რაც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა. რათა საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და არ მოხდეს მისი შეცდომაში შეყვანა ბნელი ძალების მხრიდან. მე ღრმად მწამს რომ ქართული საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველა იმ გაკეთებულ სასიკეთო საქმეს, რომელიც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა და დღემდე ხორციელდება, ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ამასთან ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისათვის გაკეთებულ ყველა ამ საქმეს დიდად აფასებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, რაც სწორედ გამოიხატება მათ მაღალ შეფასებებში, როგორც ევროპის ისე ამერიკის მაშტაბით. ბოლოს კი ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალები ნაცვლად იმისა ხელი შეუწყონ ყველა სასიკეთო საქმეს, პირიქით ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ ქვეყნის დესტაბილიზაცია, ეკონომიკური კრიზისი, გამოიწვიონ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა და ქვეყანა წაიყვანონ სრული კრახისაკენ. ნათელია, რომ ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრების პირდაპირი ინტერესია. ამის ფონზე კი ვთვლი, რომ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა გაატაროს მკაცრი, ქმედითი და რაციონალური ღონისძიებები, ქვეყნის ინტერესების დასაცავად”, – წერს ბაბაევი.