“იმის ნიშნად, რომ საქართველო მშვიდობის მხარეს დგას, დიალოგისა და ვითარების განმუხტვისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული პლატფორმა ძალაში რჩება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინა შეხვედრის შემდეგ, პანდემიის და ომის გამო, ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა კავკასია.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში. ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველანი კავკასიაში, ერთი მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე, პანდემიამ დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაგვკეტა საერთოდ მსოფლიოსა და ერთმანეთთან ურთიერთობაში, ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა, თუმცა, ბევრად მძიმე იყო რეგიონისა და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.