ნატო რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს მხარს უჭერს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უჭერს მხარს, რომელმაც რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ნატო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ “რუსეთი აგრძელებს დესტაბილიზაციური ქმედების მოდელის დემონსტრირებას, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ჩათვლით, ასევე, მუდმივად არღვევს, არ ასრულებს, გვერდს უვლის უამრავ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, ბუდაპეშტის მემორანდუმს”.

”მოკავშირეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქცევა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, როგორც ამას მოკავშირეები აკეთებენ, მათ შორის, არსებული შეთანხმებები იარაღის კონტროლის შესახებ, განიარაღებისა და გაუვრცელებლობის ჩათვლით. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ დაწიოს დაძაბულობა უკრაინის საზღვრებზე და ანექსირებულ ყირიმში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნატო-ში აღნიშნეს, რომ რჩებიან ღია პერიოდული და შინაარსიანი დიალოგისთვის, აგრეთვე, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას დატოვებს.

”ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსეთი აგრძელებს რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ ნატო-ს 2020 წლის შეთავაზების იგნორირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები