როგორ ინიღბებიან რუსეთის გავლენის აგენტები კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების შექმნით

ცოტა ხნის წინ ბულგარეთში დიდი სკანდალი მოხდა, რომელიც კრემლის ინტერესებზე მომუშავე ბულგარელ ჯაშუშებს უკავშირდებოდა. ყოფილი სამხედრო ჩინოვნიკები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოსა  და ნატო-ს კუთვნილ საიდუმლო ინფორმაციას იპარავდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯაშუშები დავალებებს სოფიაში არსებულ, რუსეთის საელჩოსგან იღებდნენ. ჯაშუშები მნიშვნელოვან ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს ფულის სანაცვლოდ აწვდიდნენ. ბულგარელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს, ჯაშუშური ქსელის ყველა წევრი წარმატებით დააკავეს, შემდეგ კი ამ საქმესთან კავშირში მყოფი რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.

ეს არ არის პირველი ჯაშუშური სკანდალი, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მძვინვარებს. ბოლო წლებში, ჯაშუშობის გამო ბულგარელებმა უკვე არაერთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. თუმცა, რუსეთის სპეცსამსახურები არა მხოლოდ მათთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინფორმაციის მოპარვაზე აქცენტირდებიან, ისინი მართვადი ქაოსის შექმნას, განწყობების სათავისოდ შეცვლასა და საზოგადოების აზრით მანიპულირებას მრავალი სხვა ხერხით ცდილობენ. ამის კარგი მაგალითია ის ისტორია, რომელიც ბულგარეთში მოღვაწე, რუსეთის გავლენის აგენტს, ნიკოლაი მალინოვს უკავშირდება. ის ბულგარეთის გენერალური პროკურატურის რადარებსა და მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმეჯერ მოხვდა. მისი საქმიანობა კარგად ასახავს იმ სტრატეგიას, რომელსაც კრემლი იმ ქვეყნებში იყენებს, რომლებიც მისი ინტერესის ობიექტი ხდება. ბულგარეთი იმითაც არის საინტერესო, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანაა, თუმცა, სლავურ სამყაროსთან დიდი წარსული აკავშირებს. მაგრამ ეს ქვეყანა დღეს წარსულს მიჯაჭვული აღარ არის,  განვითარების პერსპექტივას დასავლურ სამყაროსთან სიახლოვეში ხედავს. ბულგარეთის ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ რუსეთთან პარტნიორობაზე უარი არ უთქვამს, არ სძულს არც რუსეთი და არც რუსი ხალხი, მაგრამ კრემლისგან საპასუხოდ მხოლოდ მეტ ჯაშუშს,  გავლენის  მეტს აგენტსა და შიდა საქმეებში მეტ ჩარევას იღებს.

ნიკოლაი მალინოვი ბულგარეთში არსებული ეროვნული მოძრაობა „რუსოფილი“-ს ხელმძღვანელია. ამ ორგანიზაციის გაცხადებულ მიზნებს შორის არის ბულგარეთსა და რუსეთს შორის არსებული  მართლმადიდებლური და ისტორიული კავშირის გაღრმავება და განვითარება.  „რუსოფილების“ აზრით, ბულგარეთს მხოლოდ რუსეთთან ახლო ურთიერთობა გადაარჩენს. ნიკოლაი მალინოვი და მისი ორგანიზაცია მუდმივად კრემლის პროპაგანდას ავრცელებს და ბულგარელების ევროპულ არჩევანს აკრიტიკებს. შესაძლოა, რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ასეთი პოზიცია ჰქონდეს და ამის გულწრფელად სჯეროდეს, თუმცა, ეს გულწრფელობა დიდი ეჭვის ქვეშ მაშინ დგება, როცა საქმე კრემლიდან მიღებული დაფინანსებას, სპეცსამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობასა და პირდაპირ ვლადიმერ პუტინისგან მიღებულ ჯილდოებს ეხება. და სწორედ ასეთი ფორმატი აქვს ნიკოლაი მალინოვისა და მისი „რუსოფილები”-ს ურთიერთობას რუსეთის ხელისუფლებასთან.

ბულგარეთის პროკურატურამ „რუსოფილი“-ს წევრების წინააღმდეგ 2019 წელს გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა ამ ორგანიზაციის წევრები და ხელმძღვანელი, ნიკოლაი მალინოვი დააკავეს. მათ შორის იყო მოძრაობის მდივანი, გაზეთ „დუმა“-ს მთავარი რედაქტორი, იური ბორისოვიც. გამოძიების მსვლელობისას კი რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის  საფარველ ქვეშ მოქმედი რუსი ჯაშუში – ვლადიმერ რუსიაევი გამოააშკარავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდა, დადგინდა მისი ჯაშუშური საქმიანობის დეტალები. ვინაიდან უცხო ქვეყნის დიპლომატების დაპატიმრება აკრძალულია, რუსიაევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნიდან მაშინვე გააძევეს.

ბულგარელი სამართალდამცველების აზრით, „რუსოფილები”-ს ხელმძღვანელი შიდა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას რუსული „ორთავიანი არწივისა“ და რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დაკვეთით აგროვებდა. ამ რუსული ორგანიზაციების სათავეში იდგნენ პირები, რომლებსაც მალევე ბულგარეთში შემოსვლა 10 წლით აუკრძალეს. დადგინდა, რომ მალინოვი მათი მითითებით მოქმედებდა და კულტურული კავშირების განმტკიცების საფარველ ქვეშ, სინამდვილეში, ბულგარეთის პოლიტიკური ვექტორის შეცვლას ცდილობდა.

ორგანიზაცია „ორთავიანი არწივი“ რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ეკუთვნის, რომელიც, პარალელურად, რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის – „ცარგრადის’’ დამფუძნებელია. ის „ყირიმის გაზაფხულის“ ერთ-ერთი შემქმნელია, რის გამოც ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა. ცნობილია, რომ მალოფეევი უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას იდეებით, ფულითა და კადრებით ახდენდა. რა თქმა უნდა, ბულგარელები მიხვდნენ, რამდენად საშიშია ამ ადამიანის შეშვება ქვეყანაში და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების თავისუფლად საქმიანობა.

რაც შეეხება რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს, მისი დამფუძნებელი  გრუ-ს ყოფილი გენერალი – ლეონიდ რეშეტნიკოვია. ეს ინსტიტუტი კი უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურების წიაღში შეიქმნა. სხვათა შორის, ნიკოლაი მალინოვმა ერთ-ერთი ბულგარული ტელევიზიის ყიდვა სცადა,  რუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად ხომ  კიდევ უფრო სერიოზული იარაღი ექნებოდა, თუმცა, ეს არ გამოუვიდა. ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიის ყიდვის იდეა გენერალ რეშეტნიკოვისგან მოდიოდა, ფინანსები კი  – მალოფეევისგან.

ნიკოლაი მალინოვისა და მისი ორგანიზაციის ისტორია ნათლად გვაჩვენებს იმას, თუ როგორ მოქმედებს კრემლი იმ ქვეყნებში, რომლის ევროპული არჩევანი და რუსული ორბიტიდან გასვლა  მას ასე აშფოთებს. მალინოვი და ძმანი მისნი ბულგარელებისა და რუსების საერთო ღირებულებებით, ერთმორწმუნეობით, საბჭოთა და სლავური საწყისებით მანიპულირებენ, აღძრავენ ნოსტალგიურ განცდებს და კვებავენ ფუჭ სენტიმენტებს.

ელდარ ჩომახიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები