ნობელის ლაურეატებმა, ასევე, ქვეყნების ყოფილმა პირველმა პირებმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბაიდენს ღია წერილით მიმართეს

ნობელის პრემიის 100-ზე მეტი ლაურეატი, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის 60-ზე მეტი ყოფილი პირველი პირი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვაქცინასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს, რომელშიც მოუწოდებენ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესზე თქვას უარი, რაც ვაქცინის წარმოების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

მანამდე, შესაბამისი წინადადებით სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა და ინდოეთი გამოვიდნენ.

წერილში ნათქვამია, რომ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმა სამკურნალო პრეპარატების წარმოებას გაზრდის და პანდემიასთან ბრძოლას დააჩქარებს ნაკლებად უზრუნველყოფილ ქვეყნებში.

აღინიშნება, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ქვეყანა ვერ შეძლებს მოსახლეობის ვაქცინაციას 2024 წლამდე.

“მსოფლიოში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების უპრეცედენტო შექმნა მოხდა, დიდწილად, აშშ-ის სახელმწიფო ინვესტიციების მეშვეობით. მივესალმებით, რომ აშშ-სა და ბევრ მდიდარ ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყება ამ ქვეყნის მოქალაქეებს იმედს უსახავს. მაგრამ მსოფლიოში უამრავ მოქალაქეს ასეთი იმედის ჩასახვა მხოლოდ მომავალში ელოდება. ჩვენი ეკონომიკები ვერ აღდგება, თუ ამ ვირუსისთვის მოწყვლადები დავრჩებით.

დამაიმედებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენი ადმინისტრაცია განიხილავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესზე დროებითი უარის თქმას. აღნიშნული, პანდემიის დასრულებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.

თუ ეს არ მოხდა, წელს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში 10-დან 9 ადამიანი ვაქცინის გარეშე დარჩება. ასეთი ტემპებით კი ქვეყნები პრეპარატის მიღებას 2024 წლამდე ვერ შეძლებენ.

ინტელექტუალური საკუთრებისა და მონოპოლიების სრული დაცვა მსოფლიოს ვაქცინაციაზე უარყოფითად აისახება და აშშ-ისთვის თვითდანგრევის მიზეზი გახდება”, – ნათქვამია წერილში.

ჯო ბაიდენისადმი მიმართვას ხელს აწერენ, მათ შორის: 2003 წელს ქიმიის დარგში ნობელის ლაურეატი – პიტერ აგრე; 1991–1995 წლებში ფინეთის პრემიერმინისტრი – ესკო ახო; 2020 წელს ნობელის ლაურეატი მედიცინის დარგში – ჰარვი ჯ. ალტერი; 2004–2007 წლებში პაკისტანის პრემიერმინისტრი – შაუკატ აზიზი; 2014 წლის ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატი – ხიროში ამანო; 1997 წელს ეკვადორის პრეზიდენტი – როსალია არტეაგა და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები