კოდუას დედა: დათოს ორივე ხელი დაზიანებული აქვს, ძალადობა წარმოუდგენელია

მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დავით კოდუას დედა – ლაურა ღაჭავა გამორიცხავს, რომ მისმა შვილმა ვინმეზე იძალადა, რადგან, როგორც ის განმარტავს, კოდუას ორივე ხელი დაზიანებული აქვს.

ძალადობაში ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ოჯახში გაუგებრობა მოხდა, როცა ბავშვებმა მამის შეშინების მიზნით პოლიცია გამოიძახეს.

“მოხდა გაუგებრობა იმიტომ, რომ ბავშვებმა პატრული გამოიძახეს, რადგან ,,კომენდანტის საათის,, დროს მიდიოდა გარეთ და უნდოდათ, მამა შეეშინებინათ. სიტუაცია გადაიზარდა ასეთ ფორმაში და დათო აიყვანეს.
დღეს ჩემთვის ძალიან ძნელია ამ საკითხზე საუბარი, დედის მხრიდან ძალიან მიჭირს იმიტომ, რომ ჩემი შვილი არ აღიარებს. არანაირი მსგავსი არ ყოფილა. შეიძლება, აქ სალაპარაკო არ იყოს, მაგრამ ორივე ხელი დაზიანებული აქვს. ერთი ადრე დაუზიანდა, მეორეზე ახლა გაუკეთდა ოპერაცია, თვე-ნახევრის წინ. ეს არის წარმოუდგენელი, რომ დათო ვინმეს შეურაცხყოფას ფიზიკურად მიაყენებდა”, – ამბობს ლაურა ღაჭავა.

ბიზნესმენ დავით კოდუას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყეტილება მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები