მეუღლე და შვილი დავით კოდუას გირაოთი გათავისუფლებასა და მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვენ
ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლე – ნათია გედევანიშვილი და შვილი – კატო კოდუა ითხოვენ, დავით კოდუა გირაოთი გათავისუფლდეს და შემაკავებელი ორდერი გამოეწეროს.
ამის შესახებ მათ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„გირაოს სანაცვლოდ გამოშვებასა და შემაკავებელ ორდერს ვითხოვთ“, – განაცხადა ნათია გედევანიშვილმა.
ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას მათ გაანცხადეს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. სიტყვიერი შეკამათება იყო”, – განაცხადა კატო კოდუამ.
მათი ადვოკატის, დავით ბარბაქაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დაზარალებულად არ მიიჩნევენ.
„როგორც ქალბატონმა ნათიამ და კატომ განმიცხადეს, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, იყო სიტყვიერი შეკამათება, რა დროსაც ჩვეულებრივი, ოჯახური კონფლიქტი მოხდა. ვინაიდან იყო ,,კომენდანტის საათი”, შეეცადნენ, ამ დროს მისი გარეთ გასვლა აერიდებინათ. შეეცადნენ, შეეკავებინათ, ამ შეკავების მომენტში ქალბატონმა ნათიამ დაზიანება მიიღო. ჩვენ გუშინ მივედით პოლიცის განყოფილებაში, რათა მათთვის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გაგვეცნო. დადგენილებაში სულ სხვა ინფორმაციაა ასახული. აღმოჩნდა, რომ პოლიციას სხვა ინფორმაცია დაუტანია დაკითხვის ოქმზე, რაც ჩვენ გავაპროტესტეთ. დადგენილებაში წერია, რომ მოხდა ოჯახური ძალადობა, რა დროსაც მეუღლემ იძალადა ქალბატონ ნათიასა და კატოზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ თვლიან, რომ დაზარალებულები არიან. შესაბამისად, ვფიქრობ, სასამართლომ საერთოდ არ უნდა იმსჯელოს ბატონი დავითის აღკვეთის ღონისძიებაზე. ოჯაახური ძალადობის მაკვალიფიცირებელი ფიზიკური ტკივილია, მათი განმარტებით, დავითის ქმედებას მათთვის ფიზიკური ტკივილი არ გამოუწვევია“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული ბიზნესმენის მიმართ სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი – მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, კოდუამ ცოლს, ნათია გედევანიშვილს სახის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. ამასთან, პროკურორის თქმით, კოდუამ ფიზიკურად შვილზეც იძალადა.