რატომ შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“ და გარდაიქმნება თუ არა ის პოლიტიკურ ძალად – ვახტანგ შაქარიშვილის განმარტება

რატომ შეიქმნა საზოგადოებრივ მოძრაობა „აი ია“, რა მიზნები აქვს ახალ გაერთიანებას – ამ საკითხთან დაკავშირებით მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანია, ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

„უკიდურესად დესტრუქციული ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული და მტრული მოქმედებების ფონზე, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხელისუფლების უმოქმედობისა და უსუსურეობის ფონზე საზოგადოებრივი მოძრობის დაფუძნება გახდა საჭირო. მოძრაობა ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობისა და სტაბილურობის უზუნველყოფისთვის ბევრს გააკეთებს, ისე – როგორც სხვადასხვა დროს ხდებოდა ხოლმე, როცა ჩვენს ქვეყანას უჭირდა და სჭირდებოდა.
მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ვხედავთ კანონის უზენაესობით, კანონის აღსრულებით, საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად ხელისუფლების მოქმედებით ისე, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იქცევა იმ მიზნების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც მანდატი მიენიჭა. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა მიზეზით მიენიჭა მანდატი. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამ ქვეყანაში რევანშისტული ძალების წინააღმდეგ ეფექტიანობა უნდა უზრუნველეყო, ასევე, ჩვენი ქვეყნის ცივილური არჩევნის აღსრულება, საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის უზენაესობა უნდა უზრუნველეყო. საზოგადოებას მის მიმართ ეს მარტივი და აუცილებელი მოთხოვნები ჰქონდა. მას შემდეგ 6 თვე გავიდა. როგორც აღმოჩნდა, მათი ეფექტიანობა არ გაზრდილა, არ გამოუსწორებიათ მმართველობაში ის ხარვეზები, რაც ახასიათებდათ, რამაც ამ შედეგებამდე მოგვიყვანა. 9 აპრილის შეკრებაც და შემდეგ ორგანიზებული ძალის შექმნაც ემსახურება მხოდოდ ერთ მიზანს – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა იტვირთოს ის როლი, რაც მას ეკისრებოდა ხოლმე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. გახსოვთ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მმართველობის 9 -წლიანი პერიოდი, როცა სამოქალაქო საზოგადოების როლი უდიდესი იყო. შეზღუდული იყო თავისუფალი სიტყვა, კრიტიკული მედიასაშუალებები იხურებოდა. შესაბამისად, ერთადერთი ეფექტიანი როლი მაშინ სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ იტვირთა. შედეგი, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დადგა, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი დამსახურებაა“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი თქმით, ახალი მოძრაობის სახელწოდების იდეა მომღერალ “უცნობს” (გია გაჩეჩილაძეს) ეკუთვნის.

„სახელწოდების იდეა გიასი იყო. თქვენ იცით, რომ ჩვენი მედიაპლატფორმა „აი უცნობი“, რომელიც „ქართული არხის“ ეთერში მაუწყებლობს, აწყობილია ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთ უძვირფასეს შედევრზე – „დედა ენაზე“. „აი ია“ და „აი საქართველო“ – ეს იყო ამ შეკრების ერთერთი მთავარი სათქმელიც და სლოგანიც. ეს ყველაფერი გასდევს ამ მოძრაობას, იმ პრინციპებსა და იდეებს ეფუძნება, რაც ქართულია, რაც დღეს სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის უზრუნველყოფას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანა დგას რეალური საფრთხის წინაშე – მოხდეს დესტაბილიზაცია, რევანშისტული სცენარების განხორციელება. ვის აწყობს ამ სცენარების განხორციელება, ეს არავისთვისაა უცხო. ესაა ქვეყანა ჩრდილოეთით, რომლის სპეცსამსახურებასაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი ემსახურება.
ჩვენ გვინდა, რომ, მედიის დახმარებით, ჩვენი პალტფორმის „აი უცნობის“ მეშვეობით, მაღალი საჯაროობით, ღია პლატფორმის მეშვეობით შევქმნათ ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ერთიანობის უზრუნველყოფისთვის ძალიან მსუყე და მნიშვნელოვან როლს იტვირთავს. დღეს ეს უმთავრესი ამოცანაა ასეთი გეოპოლიტიკური ვითარების, დესტრუქციული ოპოზციისა და უსუსური ხელისუფლების პირობებში. ასეთი საკუთხედი იკვრება: რთული გეოპოლიტკური ვითარება, დესტრუქციული ოპოზიცია და უსუსური ხლეისუფლება. რას აკეთებს ამ დროს საზოგადოება? საზოგადოება ირაზმება, იჩენს მაღალ ღირსებას, ქმნის ისეთ ორგანიზებულ ძალას, რომელსაც ამ სიტუაციის განმუხტვაში მნიშვნელოვანი როლი ექნება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მანვე განმარტა, გარდაიქმნება თუ არა საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად.

„როცა საზოგადოებრივი მოძრაობა მიზნებს, პრინციპებს დაისახავს, ამ მიზნებისა და პრინციპების რეალიზაციას პოლიტიკური ძალა სჭირდება. შესაძლოა, ამ საზოგადოებრივი მოძრობიდან იშვას პოლიტიკური ძალა, ან მოხდეს ჩვენთვის მისაღები, ღირებულებებით ახლოს მდგომი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი არავინ გვეგულება. იმედია, მომდევნო არჩევნებამდე ასეთი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

თამუნა შეყილაძე  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები