ახალციხის კლინიკა „იმედის“ დირექტორი მედიკოსების მიერ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას სტრესულ ვითარებას უკავშირებს.
გიორგი ბარძიმაძის თქმით, მეგი ბაქრაძეს კლინიკაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა.
„ეს ხალხი დღესაც სტრესულ სიტუაციაშია და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ. შეიძლება რაღაც, რაც იმ დროს, პირველად თქვეს, შემდეგ დააზუსტეს. დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ვნახოთ, ჩატარდება გამოკვლევები. მხოლოდ პროკურატურა არ არის, სამედიცინო გამოძიებაც მიმდინარეობს მარეგულირებელი სააგენტოს მიერ და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ ექსპერტები“, – აღნიშნა ბარძიმაძემ.
ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ მეგი ბაქრაძეს დროული სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს – ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს – თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.