შალვა პაპუაშვილი: ,,სამართლიანი არჩევნები” კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ საბოლოო ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მან საკუთარ თავს მიაყენა, მხოლოდ მაღალი გამჭვირვალობითა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერებით შეიძლება, გამოსწორდეს.
„გავეცანი „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) საბოლოო ანგარიშს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ანგარიშში 11-ჯერ იყენებს სიტყვას „გამჭვირვალობა“, თავად კვლავ ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ სტანდარტს და არ ასაჯაროებს იმ უბნების სიას, რომლებზე დაყრდნობითაც განაცხადეს, რომ 8% უბნებში იყო მეტობით დისბალანსი.
ჩემდა სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მან პარალელური დათვლის „მცდარი“ შედეგების გამოქვეყნებით, საზოგადოებისგან ამ ფაქტის ერთი თვის განმავლობაში დამალვით და მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, ამ „შეცდომის“ გარე, მიუკერძოებელი პირების ჩართვის გარეშე, გამოძიებით საკუთარ თავს მიაყენა, მხოლოდ მაღალი გამჭვირვალობით და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერებით შეიძლება, გამოსწორდეს.
წარმოადგენდე სამოქალაქო სექტორს, ნიშნავს, წარმოადგენდე საზოგადოებას, რაც შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშვალდებულების გაცნობიერების გარეშე. ამის გარეშე, სამწუხაროდ, მთელს ანგარიშსაც ფასი ეკარგება. ანგარიშშიც ამოვიკითხე, რომ პარალელურ დათვლის აცდენებზე საუბარი „სამოქალაქო სექტორზე ზეწოლისა და საზოგადოების ყურადღების არასწორ მხარეს გადატანის მცდელობას წარმოადგენდა“. ჩემი გულწრფელი რჩევაა, საკუთარი თავის ვიქტიმიზაციის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თავადვე სერიოზულად მიუდგეთ იმ ღირებულებებს, რომლებითაც სხვებს ზომავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.