შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრი რომ არ ყოფილიყო, ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა
“გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრი რომ არ ყოფილიყო, ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა IRI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გახარია პოლიტიკურ გაერთიანებას თუ შექმნის, ის, სავარაუდოდ, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
„გიორგი გახარია პოლიტიკურად აქტიური თუ იქნება და პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის, შეიძლება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და, საბოლოოდ, ყველას რეიტინგი არჩევნებში დაითვლება. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრი რომ არ ყოფილიყო, მოწონების ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა. მისი რეიტინგი პირდაპირ კავშირშია „ქართულ ოცნებასთან“.
არ მგონია, მისმა პოლიტიკურმა გააქტიურებამ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაიმე ბზარი შეიტანოს და დიდი გავლენა მოახდინოს. ვხედავ რა „ქართული ოცნების“ გუნდს, გეტყვით, რომ ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ისეთი ღირებულებები, სტრუქტურა და ერთმანეთისადმი დამოკიდებულება აქვს, რომ რთული იქნება, ვინმემ მას რეალური კონკურენცია გაუწიოს. ჩვენ მშვიდად იმიტომ ვართ, რომ ვიცით ჩვენი ძალა და სად არის ჩვენი სიმართლე. ამიტომ, ნებისმიერი ორგანიზაციის შექმნას მშვიდად ვუყურებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
IRI-ს კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.