ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით 11%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა, ხოლო ლეტალობის სტატისტიკა – 11%-ით.

შესაბამისი მონაცემი ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენში აისახა.

აღინიშნება, რომ უკვე მეექვსე კვირაა, რაც ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, 29 მარტი-4 აპრილის პერიოდში 4 038 292 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე, 71 355 ადამიანი გარდაიცვალა.

4 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიოში სულ 130 459 184 ინფიცირებული და 2 842 325 გარდაცვლილი ირიცხებოდა.

29 მარტი-4 აპრილის მონაკვეთში, ინფიცირების განსაკუთრებული მატება შეინიშნებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 36%-ით; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 25%-ით; აღმოსავლეთ ხმელშთაშუაზღვაში 10%-ით.

ამავე პერიოდში, გარდაცვალების სტატისტიკა გაზრდილია 46%-ით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; 15%-ით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; 7%-ით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში; 5%-ით დასავლეთ-წყნარიოკეანეს რეგიონში; 2%-ით ევროპაში, ამასთანავე, 20%-ით შემცირდა აფრიკაში.

ევროპაში ბოლო 7 დღის განმავლობაში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 24 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 1,3 მილიონზე მეტი ახალი დაავადებული და 37 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები