“ნატო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს” – სტოლტენბერგმა ზელენსკის დაურეკა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის გააქტიურებაზე სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისი საუბრის მიზანი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღშფოთების გამოხატვა იყო.

“დავურეკე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ უკრაინის საზღვრებთან და ქვეყნის შიგნით რუსეთის სამხედრო ქმედების გააქტიურების, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო სერიოზული შეშფოთება გამომეხატა. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ”, – განმარტა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ დაწერა, რომ ნატო-ს წევრობა დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა, ასევე, მან ალიანსს მოუწოდა, უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმა შესთავაზოს.

“ჩვენ არმიისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებას ვცდილობთ, მაგრამ რუსეთს მხოლოდ რეფორმებით ვერ შევაჩერებთ. ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის შესაჩერებლად. უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება”, – დაწერა ზელენსკიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები