„ზოგიერთი ცნობით, დღევანდელ დღეს დაიბადა ნიკალა – ყველაზე დიდი ქართველი მხატვარი“

ზოგიერთი ცნობით, დღევანდელ დღეს დაიბადა ნიკალა – ყველაზე დიდი ქართველი მხატვარი, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ.
თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი 1862 წლის 5 აპრილს კახეთში, სოფელ მირზაანში დაიბადა. ადრე დაობლებული ნიკო ვენახების მდიდარი მეპატრონეების – კალანტაროვების ოჯახში იზრდებოდა.
1872 წელს ფიროსმანი კალანტაროვებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. იგი ადრეული ასაკიდან ხატვით იყო გატაცებული, პროფესიული განათლება კი არ მიუღია.
1888-1889 წლებში მან თვითნასწავლ მხატვარ გიგო ზაზიაშვილთან ერთად სამხატვრო სახელოსნო გახსნა, რომელიც მალევე დაიხურა.
1890-იანი წლების ბოლოდან ფიროსმანი თავს მხოლოდ ხატვით ირჩენდა. მისი სურათები თბილისის დუქნებში ეკიდა. სასმელისა და საღებავების საფასურად ხატავდა აბრებსა და სურათებს დუქნების, ლუდხანებისა და სახელოსნოთა მეპატრონეთა შეკვეთით.
1912 წელს ფიროსმანის ნამუშევრებით დაინტერესდნენ ძმები ზდანევიჩები, მხატვარი კირილე და პოეტი ილია (ილიაზდი, ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა), ასევე მხატვარი მიხეილ ლე-დანტიუ. ზდანევიჩებმა დაიწყეს ფიროსმანის სურათების შეგროვება და მისი ხელოვნების პროპაგანდა, აქვეყნებდნენ სტატიებს პრესაში.
1912 წელს ფიროსმანაშვილის ხელოვნების „აღმოჩენა” იმდროინდელი ევროპული და რუსული მხატვრობის ტენდენციების თანადროულია და პასუხობს ევროპულ მისწრაფებებს.
1913 წელს ფიროსმანის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის, „ირემი”, „ქალი ლუდის კათხით”, „ილია ზდანევიჩის პორტრეტი”, „ნატურმორტი” ექსპონირებული იყო მოსკოვში რუსული ავანგარდული ხელოვნების გამოფენაზე – „მიშენ” («Мишень»).
1915 წელს თბილისში, ზდანევიჩის სახელოსნოში, მოეწყო ფიროსმანის ნამუშევრების ერთდღიანი გამოფენა.
1916 წელს ფიროსმანი „ქართველ მხატვართა საზოგადოების” შეკრებაზე მიიწვიეს. ცოტა ხნის შემდეგ, დღემდე გაუგებარი მიზეზის გამო, გაზეთ „სახალხო ფურცელმა” მხატვრის კარიკატურა გამოაქვეყნა. ამ ფაქტმა საბედისწერო გავლენა მოახდინა მხატვრის ცხოვრებაზე – ფიროსმანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა.
1918 წელს ფიროსმანი მარტოობაში გარდაიცვალა. უცნობია, სად არის მისი საფლავი.
მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანის სახელი და შემოქმედება საქვეყნოდ აღიარეს. ფიროსმანის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია
სამყაროს აღქმის ხატოვანება, მთლიანობა და სინთეზურობა. მისი მხატვრული სამყარო გამოგონილი, ფანტასტიკური კი არ არის, ნამდვილი, ცოცხალი რეალობაა. მასში ყველაფერი გრძნობადი, ემოციურად განცდილი, ხელშესახები და ვიზუალურად დამაჯერებელია. ფიროსმანაშვილის მიერ წარმოსახული ადამიანები, ცხოველები, საგნები გასულიერებულ სამყაროში არსებობენ და ეს სულიერება მათი მხატვრული აღქმისა და გადმოცემის მოდუსია“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები