შალვა პაპუაშვილი: 5-6 თვის განმავლობაში ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, ხან გადაიხრებოდნენ, რომ პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ, ხან პირიქით – ჩამოყალიბდნენ, ხვალ ორშაბათია და მოვიდნენ
“5-6 თვის განმავლობაში ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ, დღეს კვირაა – ხვალ ორშაბათია, სამუშაო დღეა და მოვიდნენ პარლამენტში”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა კითხვას – “რამდენად ელოდება, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს”.
მისივე თქმით, პოლიტიკური ჯგუფების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მოქმედების მთავარი არსია, ხალხს ძალაუფლება წაგლიჯონ.
„მთელი საქართველო აკვირდება ყველაფერს, ხედავთ, რომ შიგნითაც ოპოზიცია უკვე საუბრობს ამაზე, მოქალაქეები, „გირჩი“ საუბრობენ ამაზე. ვხედავთ ყველა, რომ არის პოლიტიკური ჯგუფები, განსაკუთრებით ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც პირდაპირ მომართულნი არიან იმისკენ, რომ არათუ მოლაპარაკება ჩაშალონ, არამედ მთავარი არსი მათი მოქმედების არის ის, რომ წაგლიჯონ ძალაუფლება ხალხს, ეს არის მთავარი მიზანი, ისინი ხალხის მეშვეობით ამ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებენ, არჩევნებს აგებენ და ცდილობენ სხვა გზები გამონახონ, რომ ძალაუფლება მიიღონ. ყველა მიზეზს იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად არიონ სიტუაცია და ის რაც ვერ შეძლეს დემოკრატიული გზით მოეპოვებინათ, ძალით წაგლიჯონ ხალხს. ამ 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, ხან გადაიხრებოდნენ, რომ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, ხან პირიქით, ხან ერთი საკითხია მათთვის მნიშვნელოვანი, ხან მეორე. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ქართველი ხალხი, უპირველეს ყოვლისა, ამას უნდა სცენ პატივი, მათ პატივი უნდა სცენ მანდატს, რომელიც მათაც მიიღეს და ის უნდა განახორციელონ პარლამენტში. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ, დღეს კვირა დღეა, დასვენების დღე, ხვალ ორშაბათი სამუშაო დღეა და მოვიდნენ პარლამენტში”,- განაცხადა პაპუაშვილმა.