დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია – სომალში ტერორისტმა თავი აიფეთქა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა-ტერორისტმა მოაწყო 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “Al Jazeera” იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ტერორისტმა თავი საჩაიეში აიფეთქა, რომელიც ახალგაზრდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

„აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 4 ახალგაზრდა, ბავშვი და ტერორისტი, კიდევ ოთხი ადამიანი კი დაშავდა“,- განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა, სადიკ დუდიშემ.

მისი თქმით, ტერორისტმა პოლიციის განყოფილების წინ, საჩაიეს ღია მოედანზე შეკრებილ ხალხში აიფეთქა თავი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები