გარდაცვლილი მედდის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გადაეცათ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ადვოკატებმა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა მიიღეს. უფლებადამცველებს საქმის რვა ტომი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გადაეცათ.

ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები სრულად გადაეცათ.

„როგორც ხედავთ, მასალები საკმაოდ მოცულობითია. შევისწავლით უახლოეს პერიოდში ამ მასალებს და შემდეგ გვექნება ბევრად უფრო კვალიფიციური და ინფორმირებული პოზიცია ნებისმიერ დეტალთან მიმართებაში, რაც საქმეს უკავშირდება.

საქმის მასალებში არის „იმედის კლინიკის“ მედპერსონალის გამოკითხვის ოქმები, ასევე თბილისის კლინიკის მედპერსონალი. ასევე, გამოკითხული არიან პირები, რომელთა იმუნიზაციაც მეგისთან ერთად მოხდა 18 მარტს.

ამ წუთისთვის, საქმეში კვლავაც არ გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნა“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის მედდა, რომლის მდგომარეობა 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები