რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი, ვლად ვოიკულესკა პირბადის უქონლობის გამო, 1500 ლეევით(360$) დააჯარიმეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, 29 მარტს ჟურნალისტებმა ვოიკულესო იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც პარლამენტის შესასვლელში სხვა მამაკაცს ესაუბრებოდა და პირბადე არ ეკეთა. მინისტრის განმარტებით, მან ნიღაბი წყურვილის გამო მოიხსნა და თანაც, იმ დროს მის გარშემო არავინ იყო. მოგვიანებით კი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ აღნიშნულ ვითარებაში არ იყო მართალი.
„ეჭვგარეშეა, რომ არ ვიყავი მართალი და ყველა კრიტიკა მისაღებია. წესები დაცული უნდა იქნას“,- განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქვეყანაში რიგით მეორე ჩინოსანია, რომელი ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. აღნიშნული წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაჯარიმდა ასევე რუმინეთის შრომის მინისტრი, რულუკი ტურკანი.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ფლორინ კიცუმ განაცხადა, რომ ორივე ჩინოსანს სთხოვა გადაეხადათ ჯარიმა.
„ყველა რუმინელმა პატივი უნდა სცეს კანონებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, რუმინეთში პირბადის ტარების საყოველთაო წესი მოქმედებს. ყველა სახელმწიფო თუ კერძო კომპანია ვალდებულია თანამშრომლები, შეძლებისდაგვარად, დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანოს. აკრძალულია ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა, აკრძალულია დახურული ბაზრობებისა და გამოფენების მუშაობა. აღნიშნული შეზღუდვები ძალაში 13 აპრილამდე რჩება.