გივი მიქანაძე: შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება მთლიანი ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს

“შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება მთლიანი ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძე დარწმუნებულია, რომ განცხადება, რომელიც ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა, არ განხორციელდება.

„პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება და ევროპარლამენტის მთლიანი პოზიციას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფინანსურ სანქციებს ევროპარლამენტი არ აწესებს. ამაზე გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს. ორი კვირის წინ ყველაზე მაღალი რანგის ფორმატში, პრემიერმინისტრის მონაწილეობით ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. სწორედ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მიეცა რეფორმებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით ატარებს. შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშანი არ გამოთქმულა. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების პოზიცია ჩვენთვის საყურადღებოა, თუმცა ისინი მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავენ.

დარწმუნებულები ვართ, განცხადება, რომელიც ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა, არ განხორციელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები