ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლუიზა ვინტონს უმასპინძლა
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – არჩილ ჩიქოვანმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს უმასპინძლა და ,,მწვანე ქალაქების“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები დაათვალიერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ასევე დაათვალიერეს ახალი თანამედროვე სტანდარტის საპარკინგე ზონები, რომლებიც აღჭურვილია ციფრული ტექნოლოგიით, სადაც აისახება ინფორმაცია თავისუფალი საპარკინგე ადგილის, პარკირების დროისა და საფასურის შესახებ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი საათობრივი საპარკინგე ზონები ბათუმში 6 ადგილას ამოქმედდება. ვიზიტის ფარგლებში, ახლადგახსნილ ავტობუსის ხაზებზე, ელექტროავტობუსებით დაათვალიერეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ახალი სატრანსპორტო სისტემა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, განხორციელებული რეფორმების შედეგად, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ბათუმი გახდა საქართველოში პირველი ქალაქი, რომელმაც ნულოვანი გამონაბოლქვის ელექტროავტობუსები შემოიყვანა. ვინტონის განცხადებით, ბათუმს აქვს ყველა შესაძლებლობა, გახდეს საქართველოს სამოდელო ქალაქი ურბანული განვითარების მდგრადი მიდგომების პილოტირებაში. როგორც ბათუმის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე, მოეწყო ავტობუსებისა და ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ხაზები და დამონტაჟდა მრავალფუნქციური ელექტრონული საინფორმაციო დაფები, შეიქმნა ციფრული ტექნოლოგიით აღჭურვილი საათობრივი პარკირების ზონები. ლუიზა ვინტონმა დღეს უკვე დაასრულა თავისი სამწლიანი მისია საქართველოში. „პატივი მქონდა მემსახურა საქართველოში გამოწვევებით დატვირთულ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძოდა პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისსა და სოციალურ პრობლემებს. ამაყი ვარ, რომ ვხელმძღვანელობდი გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც საქართველოს საიმედო პარტნიორია როგორც გამოწვევების დაძლევის, ასევე მდგრადი განვითარების მიღწევის გზაზე. მე ღრმად მჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი და დიდი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული გახდება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
ამასთან, არჩილ ჩიქოვანმა ლუიზა ვინტონს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.