ირაკლი კობახიძე: რეფორმებს ჩვენ ყოველგვარი შეთანხმებისა და ხელმოწერის გარეშეც განვახორციელებთ
“რეფორმებს ჩვენ ყოველგვარი შეთანხმებისა და ხელმოწერის გარეშეც განვახორციელებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბარიერი დაიწევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მაქსიმალური ბარიერი იქნება 3%.
„რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენ იქვე და შემდეგ საჯაროდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეფორმებს ჩვენ განვახორციელებთ ყოველგვარი შეთანხმების, ხელმოწერის გარეშეც. პაკეტი უკვე არის ინიცირებული, ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. ასევე, დაველოდებით ეუთო/ოდირ-ის დასკვნას ამ პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ, მაგალითად, ბარიერი დაიწევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მაქსიმალური ბარიერი იქნება 3% და კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად სწორედ 3%-ზეა საუბარი, თუმცა, იქვე დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ ვიმსჯელებთ უფრო დაბალი ბარიერის შემოღებაზეც 2024 წლის არჩევნებისთვის და უფრო მეტიც, ვიმსჯელებთ არამარტო 2024 წლის არჩევნებზე, არამედ შემდგომი არჩევნებისთვის უფრო დაბალი ბარიერის შენარჩუნებაზე. აქ კარი ჩაკეტილი არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.