„გუშინდელი შეხვედრის შედეგების გარეშე დასრულება მოსალოდნელი იყო, რადგან კარგად ვიცით რადიკალური ოპოზიციის ამოცანა“ – ლადო ბოჟაძე

ანალიტიკოსის, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანლის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის უშედეგოდ დასრულება მოსალოდნელი იყო.

მისივე თქმით, ეს რადიკალური ოპოზიციის ამოცანაში შედიოდა. ამის შესახებ ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა ის, რომ გუშინდელი შეხვედრა ყოველგვარი შედეგების გარეშე დასრულდა, თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან კარგად ვიცით რადიკალური ოპოზიციის ამოცანა. ეს არის, პირველ ყოვლისა, ის, რომ პარლამენტში არ შედგეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, 2024 წლის არჩევნებისთვის მაღალი საარჩევნო ბარიერი არ იქნას დაწეული, რაც თავისთავად დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლებად ამყოფებს. ყველამ იცის, რომ 5 %-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. იცით, რომ უახლოეს თვეებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება და ამ არჩევნების შედეგებიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრობის“ გარდა არავის ექნება შანსი, 5 %-იანი ბარიერი გადალახოს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ბოჟაძემ ის დოკუმენტი და წინადადებებიც შეაფასა, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

„მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი დოკუმენტი. იცით თქვენ, რომ მე- 5 პუნქტში მანამდე, სავარაუდოდ, რიგგარეშე არჩევნები და თვითმართველობის არჩევნები იყო მოხსენიებული. ახლა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია მოხსენიებული, როგორც აუცილებელი რეფორმის გატარების ნაწილში, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრების ნაწილში. როგორც წესი, ეუთო/ოდირ-ი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმე. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ფაქტობრივად, 2021 წლის ოქტომბერში ყველა პოლიტიკური პარტიის ძალის რეიტინგის გაზომვა ხელახლა უნდა მოხდეს. ყველაზე უტყუარი რეიტინგი, იცით, რომ არჩევნები და მისი შედეგებია.
რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს: აქაც მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილია არც თავად მოაწერდა დოკუმენტზე ხელს და არც დანარჩენ ოპოზიციას მისცემდა ამის უფლებას. ჯერ კიდევ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს გახსოვთ შალვა ნათელაშვილის დესტრუქციული განცხადებები, სადაც მან პირდაპირ მიუთითა, რომ არავითარ რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე საუბარი არ იყო. თავისთავად, მაშინაც ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ შედეგი არ დამდგარიყო. თუმცა, ამოცანა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან მიმართებით აქვთ, მართლმსაჯულების რეფორმაა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია. მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა და იქაც არის მოხსენიებული ძალიან საყურადღებო საკითხები სასამართლო დამოუკიდებლობასთან, თუ სხვა თემებთან მიმართებით. რაც ყველაზე მთავარია – ამბიციური საარჩევნო რეფორმა. იცით, რომ ორივე რეფორმა დაწყებულია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში ოპოზიცია აქტიურად ჩაერთოს მიუხედავად იმისა, პარლამენტში შევლენ, თუ არა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა კვლავ ორპოლუსიან სისტემაში რჩება, რაც ძალიან ცუდია.

„ოპოზიცია პარამენტში არ შევა, შესაბამისად, არ მოხდება ძალთა გადანაწილება, თანამდებობებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება ისე, როგორც განსაზღვრული იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მოსალოდნელი იყო. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, რომ ქვეყანა ასეთ რეჟიმში მუდმივად დარჩეს. ვრჩებით კვლავ ორპოლუსიან სისტემაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. იმის მაგივრად, რომ ამ შეხვედრებს გარკვეული შედეგები მოეტანა, მაქსიმალური დეესკალაცია მოჰყოლოდა და ქვეყანას სტაბილური განვითარება გაეგრძელებინა, ჩვენ კვლავ ვრჩებით ორპოლუსიან გარემოში და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები კვლავ განვითარდება არა პარლამენტში, არამედ – ქუჩაში, რაც სწორედ „ნაციონალური მოძრობის“ ამოცანაა. გუშინ ვნახეთ, “ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ყველა იმ საკითხს, რომელიც ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციასთან ერთად, თუ მათ გარეშე, მაინც გააკეთებენ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რიგგარეშე არჩევნების საკითხს უკავშირდებოდა. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ იყო მოხსენიებული, რომ ეუთო-ს შეფასებით ეს იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი არჩევნები, სადაც ყველა უფლება დაცული იყო. ის, რომ ქვეყანამ წარმატებით ჩაატარა 2020 წლის არჩევნები და, მიუხედავად პანდემიისა, 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, მაგრამ ხარვეზები, რომელიც გამოვლენილი იქნა, აუცილებლად უნდა იყოს ასახული, რათა სამომავლოდ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დარჩეს – ჩვენ ვიცოდეთ, რომ ხელისუფელბაში დარჩენა, ან ხელისუფლებიდან წასვლა ერთადერთი – არჩევნების გზითაა შესაძლებელი. ყოველგვარ რევოლუციაზე, დესტაბილიზაციაზე საუბარი უნდა დავასრულოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინდელი შედეგი არ დადგა, თუმცა, იცით, რომ დიალოგისთვის მზაობა კვლავ არსებობს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, მათი მოდერაციით კვლავ გაგრძელდება დიალოგი და გარკვეულ შედეგებს მივიღებთ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართული შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები