მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე – გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანლობდა.

მისასალმებელ სიტყვაში გიორგი ხანიშვილმა პანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მცენარეთა დაცვის მიმართულებით მოსალოდნელი რისკების წინასწარი განსაზღვრის საჭიროების საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფიტოსანიტარიის განვითარების სტრატეგია, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო პანდემიის პირობებში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ, მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს ფარგლებში, რისკების ანალიზისა და მოკლევადიანი სასწავლო კურსების უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებს, რომელთა საქმიანობასაც შესაბამისი მიმართულებებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს. სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრების ნაწილი შეხვედრაში, პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები