ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში — გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა კვლევის შედეგები წარადგინა

2018-2020 წლებში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ინიციატივებმა საქართველოში 7000-მდე ქალის ცხოვრება შეცვალა. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და PricewaterhouseCoopers საქართველოს ოფისის ახალი კვლევის მიხედვით, 40 კომპანიის სხვადასხვა ინიციატივით, ამ ქალებმა შეძლეს პროფესიული განვითარება, მიიღეს სტიპენდიები და გრანტები, გაიარეს მენტორობის პროგრამები და სტაჟირება. მხოლოდ 21-მა კომპანიამ 2018-2021 წლებში ქალთა გაძლიერებაზე 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა, ძირითადად, ტრენინგებზე, პროფესიულ განვითარებაზე, გრანტებზე, სტიპენდიებზე, ქალი მეწარმეებისა და ქალების მიერ მართული საწარმოებისგან შესყიდვების განხორციელებაზე ნაწილდება. კვლევის ეს და სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 30 მარტს ონლაინღონისძიებაზე წარადგინა, რომელსაც ბიზნესასოციაციების, დონორი ორგანიზაციების, საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით PricewaterhouseCoopers საქართველოს ოფისმა ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების საქმიანობის შესახებ კვლევა მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაატარა. მან ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი 40 ბიზნესორგანიზაცია მოიცვა. კვლევის შედეგების გაცნობის გარდა, 30 მარტის ონლაინღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომლის დროსაც ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოდან, თურქეთიდან და უკრაინიდან მონაწილეებს თავიანთ ქვეყნებში ამ პრინციპების განხორციელების გამოცდილება გაუზიარეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ ინოვაციურ ინიციატივებსა და საუკეთესო მაგალითებზე, რომლებიც კერძო სექტორმა COVID-19-ის რეალობაში დანერგა. ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და ერთგვარ გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ის კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ მნიშვნელოვან როლს, რომლის შესრულებაც კერძო სექტორს ქალთა გაძლიერებისთვის შეუძლია. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპები 2014 წელს წარადგინა. ამჟამად ამ პრინციპებზე ხელმომწერი 82 კომპანიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები