ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დაავალა, გაამკაცრონ ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დაავალა, გაამკაცრონ ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ​კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციის ჩატარებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ.

პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა, სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა.

„საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ თებერვლის დასაწყისის შემდეგ, გასული 24 საათის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 673 ახალი შემთხვევა; გარდა ამისა, იზრდება ინციდენტობის და დადებითობის მაჩვენებელი, რაც ძალიან საყურადღებოა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფამ, შესაძლოა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და, შესაბამისად, ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე დააყენოს. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, საბჭო მზად არის, იმსჯელოს ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გარკვეულ შემსუბუქებაზეც“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარდა, დღეიდან უკვე „ფაიზერითაც“ დაიწყო.

„იმუნიზაცია ხორციელდება სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სპეციალურ პორტალზე რეგისტრირდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა მომავალ კვირას ელოდება ჩინური ვაქცინის – „სინოფარმის“ 100 ათას დოზას, რომელიც  მკაცრი მარეგულირებლის მიერ უკვე ავტორიზებულია. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 281 145 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 272 899 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 773 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 263 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 214 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 1 624 პირი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები