მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ონლაინ ფორმატში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს მჭიდრო ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შვედეთის მხრიდან განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური გაძლიერება, გარემოსდაცვითი საკითხები და გენდერული თანასწორობა.

შვედეთის სამეფოს ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ მიესალმება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ქართულმა და შვედურმა მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. მაკა ბოჭორიშვილმა ულრიკ ტიდესტრომს დეტალურად გააცნო საქართველოს ამბიციური გეგმა 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.

ამ კუთხით ხაზი გაესვა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატზე. ამ კონტექსტში მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის ერთ-ერთი ინიციატორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. საუბარი შეეხო დაგეგმილ სამიტს, რომელიც პარტნიორობის მომავალს განსაზღვრავს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და საპარლამენტო დონეზე ვიზიტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები