შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპონენტებს, დაფიქრდნენ სამშობლოზე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შემოვიდნენ პარლამენტში
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპონენტებს, დაფიქრდნენ სამშობლოზე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შემოვიდნენ პარლამენტში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა 113 ხმა.
„ჩვენი ინიციატივა „მოქალაქეებსა“ და „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად შეეხება იმას, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი დაიწიოს სამ პროცენტამდე. ამავე დროს, ჩვენ იქვე განვაცხადეთ, რომ შეიქმნება ამ ცვლილებების სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა შესაძლებლობებიც.
კერძოდ, სამ პროცენტზე უფრო დაბალი ბარიერის დაწესება, ისევე როგორც ამ დაბალი ბარიერის 2024 წლის მიღმა შემოღების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა მყარი არგუმენტები და არა, უბრალოდ, ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, რომ ერთი ჯობია, ორი პროცენტი თუ სამი, საჭიროა ყველაფრისთვის არგუმენტები.
საკონსტიტუციო ცვლილების მეორე ინიციატივა შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის შვიდი წევრის ნაცვლად ოთხი წევრის არსებობის საკმარისობას და, შესაბამისად, დღევანდელ პარლამენტს რომ მივუსადაგოთ, დღევანდელი ცხრა სუბიექტიდან, ფაქტობრივად, ორი ფრაქციის ფორმირებაა შესაძლებელი ან მაქსიმუმ სამის. ეს ცვლილება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დამატებით ხუთი ფრაქციის ფორმირება შეძლონ იმ პარტიებმა, რომლებსაც ოთხ პროცენტზე დაბალი მონაცემი აქვთ არჩევნებზე მიღებული. ეს იცით, რომ ცხრა პარტიიდან შვიდ სუბიექტს აქვს ეს შედეგი მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ორივე ცვლილება მოითხოვს ცვლილებას კონსტიტუციაში, კერძოდ, მის გარდამავალ დებულებებში.
„კონსტიტუციის ცვლილებისთვის კი, იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭირო არის 113 ხმა, 3/4 დღესდღეობით პარლამენტში 96 დეპუტატი ახორციელებს აქტიურად საკუთარ მანდატს. ამიტომ საჭირო არის მინიმუმ დამატებით 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის აქტიურად განხორციელება. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, მით უმეტეს, დღევანდელი მედიაციის გათვალისწინებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, დაფიქრდნენ საკუთარ სამშობლოზე, დაფიქრდნენ საკუთარ ამომრჩევლებზე, დაფიქრდნენ სხვა პარტიის ამომრჩევლებზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებზე, „მოქალაქეების“ ამომრჩევლებზე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღონ დღეს სწორი გადაწყვეტილება, შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.