„სოჭში ოფიციალურად მიწვეულ სტუმართა შორის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ არის“

  საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს მხარეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ სოჭში ოფიციალურად მიწვეული არიან მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების სპორტსმენები და წარმომადგენლები. ამ განცხადებით ზურაბ აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალურადაა მიწვეული. აბაშიძის შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყებისა და საერთაშორისო კომიტეტის ეს დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მისი თქმით, ეს გზავნილი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში სწორი გადაწყვეტილება იყო.
„6 თებერვალს სოჭში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს გუნდი მიემგზავრება. ამ თამაშებში მონაწილეობა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა საქართველოს ხელისუფლებისა და ოლიმპიური კომიტეტისათვის, რადგან სოჭის ოლიმპიადა საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს ტარდება. როდესაც ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვღებულობდით, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებით ვხელმძღვანელობდით. პირველი, ეს გახლავთ კეთილი ნების ნაბიჯი გადადგმული საერთაშორისო მეგობრობისა და ოლიმპიური მოძრაობის მიმართ. ასევე, ჩვენ გვინდა გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა, არ დავუშვათ სპორტის პოლიტიზება. ჩვენ რუსეთის მხარეს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შევთავაზეთ – ეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაცაა. კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ გარემოებას, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობენ და მოწვეულნი არიან მხოლოდ იმ ქვეყნების გუნდები, სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელი სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალურადა არის მიწვეული. სამწუხაროდ, არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის სრულიად უცნობი ხელმძღვანელის ეს განცხადება ძალიან სწრაფად აიტაცა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა და გაუაზრებელი განცხადებები გაკეთდა. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სოჭში ოფიციალურად მიწვეული არიან მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქვეყნების სპორტსმენები და წარმომადგენლები. კერძო პირებს სოჭშიც და ნებისმიერ სხვა ქალაქშიც შეუძლიათ ჩასვლა. მე ვფიქრობ, რუსეთის საგარეო უწყებისა და საერთაშორისო უწყების ეს დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, თუნდაც ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები