ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმას ნიშნავს და არ მგონია, ამაზე ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს
“საკონსტიტუციო ცვლილებები ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმას ნიშნავს და არ მგონია, ამაზე ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში, შემოღებულია 10-პროცენტიანი გადათვლის მექანიზმი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც 100 პროცენტით გამორიცხავს ყოველგვარი მანიპულაციის რისკს.
„დღეს თუ, მაგალითად, სამი წევრით არიან წარმოდგენილნი ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კომისიებში, მათი წარმომადგენლობა იზრდება 8-მდე, ანუ თანაბარი იქნება ოპოზიციონერი წევრებისა და პროფესიული ნიშნით განწესებული წევრების რაოდენობა. ერთი მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, საბოტაჟს გამორიცხავს. ასევე, პირველად საქართველოს ისტორიაში არის შემოღებული 10-პროცენტიანი გადათვლის მექანიზმი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც 100 პროცენტით გამორიცხავს ყოველგვარი მანიპულაციის რისკს. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა.
ასევე, მუნიციპალურ არჩევნებში იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა ყველა საკრებულოში და ასევე ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმუმ 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი ფუნდამენტური ცვლილებაა, რაც ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმას ნიშნავს და არ მგონია, ამაზე ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.