ლევან რატიანი ინფორმაციას, თითქოს 28 წლის ექთანი კლინიკაში გარდაცვლილი მიიყვანეს, სიცრუეს უწოდებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 28 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე კლინიკაში გარდაცვლილი მიიყვანეს არ ადასტურებს.

რატიანი ოჯახს სამძიმარს კიდევ ერთხელ უცხადებს და აღნიშნავს, რომ კლინიკამ პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა.

“მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული თემა, რომ ქალბატონი მეგი, რომელიც იყო 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში იყო შემოყვანილი 18 რიცხვში, 19:45 საათზე, რომ ის იყო სამწუხაროდ მიცვალებული – ეს წარმოადგენს სიცრუეს, კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო.

ქალბატონი მეგი ჩვენთან გადმოყვანილი იყო 19:45 საათზე, ის ამ დროს იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არადინამიკური. ის შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გავსინჯე.

შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო მეგადოზებით. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით. ამ შეუქცევადმა პროცესმა კი რამდენიმე საათში გამოიწვია ბიოლოგიური სიკვდილი. ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, კლინიკამ პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა. გამოკითხვაზე ჯერჯერობით არ ვყოფილვარ, როგორც კი საჭირო იქნება აუცილებლად მივალ.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას სოციალურ ქსელებში, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანემია – პაციენტს ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არცერთ კვლევაში ანემია არ უდასტურდება. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რადგან ჩვენ ვართ კლინიცისტები, მას კლინიკაში შემოყვანისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი – „ჯინ ექსპერტი“ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩატარებული კვლევით ტესტი იყო ნეგატიური“, – განაცხადა რატიანმა.

მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ექთანი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები