“ერთ მხარეს არის სააკაშვილი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სწორედაც ის ტირანია დაასრულა ქართველ ხალხთან ერთად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს სააკაშვილის რეჟიმის მძიმე ხელი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები საერთოდ უგულებელყო.
„მინდა, ვუთხრა ჩვენს დასავლელ, ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომ მსგავსი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური და არარელევანტურია მით უფრო მაშინ, როდესაც ტოლობის ნიშანი ჩნდება ბატონი კუბილიუსის განცხადებაში, როდესაც საუბრობს სააკაშვილსა და ივანიშვილზე. ერთი მხრივ, სააკაშვილის სახით გვყავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თავის ნებით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, რომლის მიმართაც არის საქართველოს სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესული არაერთი გადაწყვეტილება. ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილებები ეხება ისეთ მძიმე დანაშაულებებს, რომლისთვისაც მსჯავრდებული არის უკვე ბატონი სააკაშვილი. ამიტომ, ეს ბატონი, რომელიც მსჯავრდებულია ისეთ მძიმე დანაშაულებებში, როგორიც არის დეპუტატ გელაშვილის ცემის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ისეთ მძიმე დანაშაულებებში, რომელიც ეხება ბიუჯეტის კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მითვისებას, გაფლანგვას, ამდენად, ასეთი მარგინალი პოლიტიკოსის წინა პლანზე წამოწევა და თითქოსდა მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა, რბილად რომ ვთქვათ, არ არის რელევანტური და არ ასახავს იმ გამოწვევაზე პასუხს, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ამიტომ, არასწორია და ვფიქრობ, ორგანიზატორი, რომელიც იყო რეჟიმის შემოქმედი, რომელიც 2012 წელს სრულიად სამართლიანად საქართველოს მოქალაქეებმა დაასრულეს და წერტილი დაუსვეს, ამ პერსონის და ამ შემოქმედის კვლავ დაბრუნება საქართველოს დღის წესრიგში ვფიქრობ, არასწორია, რბილად რომ ვთქვათ. მე მათ მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ ყველამ ასეთი სახის განცხადებებისგან, რამეთუ ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს სააკაშვილის რეჟიმის მძიმე ხელი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები საერთოდ უგულებელყო. ამიტომ, მეორე მხრივ, სახეზეა ბატონი ივანიშვილი, რომელმაც სწორედაც ის ტირანია დაასრულა ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებასთან ერთად და ისეთი მაღალი ხარისხის დემოკრატიას დაუდო საფუძველი”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.