ეროვნული სასახლე “გლობალური ფულის კვირეული 2021”-ს შეუერთდა

22-28 მარტის ჩათვლით აღინიშნებოდა გლობალური ფულის კვირეული, რომელსაც ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულება წელს უკვე მერვედ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს. “2021 წლის გლობალური ფულის კვირეულის გზავნილია. „გაუფრთხილდი საკუთარ თავს, გაუფრთხილდი საკუთარ ფულს“. ეს კვირეული 2012 წლიდან, მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად მარტში აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში, ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებამ განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი აქტივობები: 24 მარტს გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია „ქართული ფულის ისტორია“, მომხსენებელი – ლევან ქისტაური, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი. 25 მარტი აფლატინის საერთაშორისო დღეა. აფლატინის მოზარდეთა ფინანსური და სოციალური განათლების კლუბის ხელმძღვანელმა, ლია არაგვიშვილმა, ჩაატარა ლექცია თემაზე – აფლატინის როლი მოზარდების ცხოვრებაში. სპიკერმა მსმენელებს გააცნო აფლატინის ძირითადი მიზნები, აღნიშნა, რომ კლუბში დიდი ყურადღება ექცევა ფინანსურ განათლებას, ისაუბრა ფულის კვირეულზე და ფულის ისტორიაზე. 28 მარტს ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების აღზრდილებმა, მარიამ აქიაშვილმა და ელენე თაბაგარმა ჩაატარეს ინტერაქტიული ვებინარი ზუმში თემაზე – ,,რა არის ფიშინგი და როგორ ავიცილოთ თავიდან ფიშინგის საფრთხე’’. სპიკერებმა განმარტეს, რა არის ფიშინგი. როგორ ხდება მისი განხორციელება, ვინ შეიძლება იყოს მისი განმახორციელებელი და როგორ ავიცილოთ თავიდან ფიშინგის საფრთხე”, – აღნიშნულია ეროვნული სასახლის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები