ჯანმო-მ კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი სცენარი დაასახელა

“ახალი ტიპის კორონავირუსი ადამიანს ღამურებისგან სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცა. ამასთან, ლაბორატორიიდან გაჟონვა “ნაკლებ სავარაუდოა”, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის საბოლოო მოხსენების პროექტში, რომელსაც Associated Press -ი გაეცნო.

სააგენტომ პროექტის “შავი ვერსია” ჟენევაში მყოფი დიპლომატისგან მიიღო, რომელიც ჯანმო-ს ერთ-ერთ ქვეყანას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა რაიმე ცვლილება დასრულებულ ოფიციალურ ვერსიაში.

მოხსენებაში ვირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი სცენარია წარმოდგენილი.

სპეციალისტების შეფასებით, “სავარაუდო” ან “ძალიან სავარაუდოა”, რომ გადაცემა მოხდა ღამურებისგან სხვა ცხოველების მეშვეობით. დაბალი ალბათობით შეფასებულია საკვები პროდუქტებისგან ინფიცირების სცენარი.

აღინიშნა, რომ კორონავირუსის გამომწვევი უახლოესი ნათესავი ნაპოვნია ღამურებში, მაგრამ “ევოლუციური მანძილი ღამურების ვირუსებისა და SARS-CoV-2- ს შორის რამდენიმე ათწლეულით ფასდება, ამიტომ, “სავარაუდოა”, რომ არსებობს შუალედური რგოლი”. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ვირუსები ნაპოვნია პანგოლინებში, თუმცა, ამავე ინფექციისადმი მგრძნობიარე ასევე კატები არიან, შესაბამისად, გადამტანები შესაძლოა, ისინიც ყოფილიყვნენ”.

სააგენტო წერს, რომ კვლევის შედეგები “მეტწილად მოსალოდნელი იყო და მრავალი კითხვა უპასუხოდ დარჩა”. გამოცემის ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფი გამოდის ინიციატივით გაგრძელდეს კვლევა ყველა მიმართულებით, გარდა – ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოტეზისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები