ინდონეზიაში, კათოლიკურ ეკლესიასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა

ინდონეზიის ქალაქ მაკასარში, კათოლიკურ ეკლესიასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, მრევლის 10 წევრი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში იმ დროს მოიყვანა, როდესაც მრევლი კათოლიკური ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურების შემდეგ ეკლესიიდან გამოდიოდა. აფეთქების ადგილას პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ არა. როგორც მღვდელმა, ვილჰემუს ტულაკმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ეკლესიის დაცვის წევრები ტერორისტის დაკავებას ცდილობდნენ. ის მოტოციკლით მოვიდა და ეკლესიაში შეღწევას ცდილობდა. მისი თქმით, ზოგიერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ იცის, ვინ დგას თავდასხმის უკან. ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები