გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ყატარში ადამიანის უფლებების მხარდამჭერი აქცია გამართა – FIFA სანქციების დაწესებას არ აპირებს

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა დუისბურგში ისლანდიის ნაკრებთან მატჩის დაწყებამდე ყატარში ადამიანის უფლებების მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გამართა.

დღეს ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არ აპირებს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ამ ქმედების გამო სანქციების დაწესებას.

“FIFA-ს სჯერა აზრის გამოთქმის თავისუფლებისა და ფეხბურთის ძალის, რომლის მეშვეობით შესაძლებელია პოზიტიური ცვლილებების მიღწევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

25 მარტს, ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს გერმანელი სპორტსმენები მოედანზე ისეთი მაისურებით გავიდნენ, რომელზეც თეთრი ფერის თითო ასობგერა იყო დატანილი. როდესაც ფეხბურთელები მწკვრივში ჩადგნენ, იკითხებოდა სიტყვები – “ადამიანის უფლებები” (Human rights).

ანალოგიური აქცია ერთი დღით ადრე მოაწყვეს ნორვეგიის ნაკრების წევრებმა, ჰიბრალტარის წინააღმდეგ თამაშის დაწყებამდე. სპორტსმენების მაისურებზე იკითხებოდა “ადამიანის უფლებები – გაუქმებული და უადგილოა”.

საქმე ისაა, რომ 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში უნდა ჩატარდეს, თუმცა, უამრავი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მათ შორის, Amnesty International-ი საუბრობს იმ ადამიანების უფლებების დარღვევაზე, რომლებიც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აშენებაში არიან ჩართულნი.

გაზეთი The Guardian-ი წერს, რომ 2010 წლიდან ყატარში სტადიონების მშენებლობებზე 6 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები