ეკატერინე ტიკარაძე – ექთნის გარდაცვალებაზე: ღრმა კვლევა მოგვცემს საშუალებას, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა

“ღრმა კვლევა მოგვცემს საშუალებას, მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე – ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს.

ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და 19 მარტს გარდაიცვალა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები