მაკრონი: ევროპა შესაძლოა, “ახალი ტიპის მსოფლიო ომის” წინაშე აღმოჩნდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპა შესაძლოა, “ახალი ტიპის მსოფლიო ომის” წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც ვაქცინაციას უკავშირდება.

ამის შესახებ მან ევროკავშირის ვირტუალური სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ერთგვარად უკვე მოხდა და უკავშირდება “რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც ვაქცინების გამოყენებით გავლენის მოხდენას ცდილობენ”.

მაკრონი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ევროპის ქვეყნებმა ვაქცინების წარმოების საქმეში მეტი დამოუკიდებლობა უნდა გამოიჩინონ.

როგორც ის აღნიშნავს, უახლოეს თვეებში ევროპა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებას გაზრდის და პრეპარატების უმსხვილესი მწარმოებელი გახდება. ასევე, პოლიტიკოსი გამოვიდა წინადადებით, რომ მოხდეს ვაქცინების ექსპორტის ბლოკირება, როდესაც მწარმოებელი მიწოდებასთან დაკავშირებით ვალდებულებებს არ ასრულებს.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ Pfizer და Moderna, AstraZeneca-სგან განსხვავებით, ვალდებულებებს ასრულებენ.

მაკრონის განცხადებას რუსეთში გამოხმაურება უკვე მოჰყვა.

კერძოდ, როგორც დუმის ვიცესპიკერმა – ირინა იაროვაიამ განაცხადა, მსოფლიო ომის შესახებ განცხადება “ახალი შეფუთვით ძველი პრობლემის ლუსტრაციაა”. მისი თქმით, ვაქცინების მიმართ “ნაციზმი, როგორც ჩანს, ევროპელი პოლიტიკოსების ახალი დაავადებაა, ახალი გაუკუღმართებული პოლიტიკური ცნობიერება, საშიში თვით ევროპელების სიცოცხლისთვის.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები