შალვა პაპუაშვილი: რუსეთის დღის წესრიგით არ ვმოქმედებთ, ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესებს ვუყურებთ
“რუსეთის დღის წესრიგით არ ვმოქმედებთ, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესებს ვუყურებთ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს მიერ ჟენევაში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელია, რადგან ეს მოიტანს მეტ ესკალაციასა და დაძაბულობას რეგიონში.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ნაბიჯები ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით რუსეთის მხრიდან ყოველთვის კრიტიკულად იქნება აღქმული.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს მისი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, რუსეთის მიერ კრიტიკულად იქნება აღქმული, ვინაიდან რუსეთს ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს. შესაბამისად, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკულად აღქმული იქნება, მაგრამ ჩვენ რუსეთის დღის წესრიგით არ ვმოქმედებთ. ჩვენ ქვეყნის ინტერესებს, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესებს ვუყურებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.