თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთის ელჩ რინა კალიურანდისსა და ნორვეგიის ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენთან, ასევე, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თორნიკე რიჟვაძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამშრომლობის პერსპექტივები შეაფასა.
“დღეს ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩებსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ვმასპინძლობთ. ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების ცენტრი, რაც დაეხმარება რეგიონს ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო განმტკიცებისა და საგანმანათლებლო სისტემის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში, ვისაუბრეთ ერთობლივ მიმდინარე პროექტებზე და შევაფასეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში, რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.