ამირან გამყრელიძე: თუ ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია გვექნება, შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გარკვეული ტენდენცია გაჩნდა.
მისი თქმით, რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება აუცილებელია.
„ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გარკვეული ტენდენცია გაჩნდა. თუმცა, არ ვიტყვი, რომ შემთხვევების ნახტომისებური ზრდა გვაქვს. სტაბილიზაცია გრძელდება, მაგრამ ბოლო ოთხი-ხუთი დღეა, სტაბილურად, ძალიან მცირედ შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება როგორც ინციდენტობის კუთხით, ისე – დადებითობის მაჩვენებლის მხრივ. ასევე, იზრდება აქტიური შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. ნოემბრიდან დღემდე ეს მაჩვენებელი ყველაზე მცირეა. დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ გვექნა ტენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ამის შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.