როგორ ჩამოშალა რუსულმა ვაქცინამ სლოვაკეთის მთავრობა – ვიცეპრემიერი გადადგა, ჯერი პრემიერზეა

სლოვაკეთის ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, რიხარდ სულიკმა რუსული ვაქცინის – “სპუტნიკV”-ის შესყიდვის სკანდალის ფონზე, თანამდებობა დატოვა. ამიერიდან, თანამდებობა პრემიერმა, იგორ მატოვიჩმა უნდა დატოვოს, რის შემდეგაც ქვეყანაში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება.

ამის შესახებ თავად რიხარდ სულიკმა განაცხადა.

წინა დღით ადრე, სლოვაკეთის პრემიერმა, იგორ მატოვიჩმა თქვა, რომ მზად არის, თანამდებობა დატოვოს მმართველი კოალიციის გადასარჩენად და სამთავრობო კრიზისი განსამუხტად. მისი თქმით, მზად არის, პოსტი დატოვოს, თუმცა, მთავრობის წევრად დარჩება.

მატოვიჩმა ასევე ურჩია ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებს, “სიტუაციის დაწყნარებისთვის” თანამდებობები დატოვონ, რომლებიც წარმოადგენენ ორ პარტიას – უმცროს პარტნიორებს მმართველ კოალიციაში “რიგითი ხალხი და დამოუკიდებელი პირები”.

მანამდე, კოალიციის პარტნიორები მთავრობის დატოვებით იმუქრებოდნენ, თუ მატოვიჩი 24 მარტამდე არ გადადგება თანამდებობიდან.

სლოვაკეთში სამთავრობო კრიზისი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ პრემიერმინისტრმა, მმართველი კოალიციის პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, რუსეთთან დადო ხელშეკრულება Sputnik V- ის შესყიდვაზე. 12 მარტს თანამდებობა დატოვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მარეკ კრაიჩიმ.

მატოვიჩის ქმედებები გააკრიტიკა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაზუტოვამ. მისი თქმით, პრემიერმინისტრი მოსკოვთან 2 მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე შეთანხმდა, ქვეყნის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, რომელიც არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, აგრეთვე, რუსული პრეპარატის ევროკავშირში რეგისტრაციის გარეშე.

მოგვიანებით, “სპუტნიკ”-ის პოლიტიკურ კრიზისს დაემატა დიპლომატიური კონფლიქტი უკრაინასთან, რომელშიც დამნაშავე კვლავ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური იყო.

კერძოდ, 3 მარტს რადიო “ექსპრესთან” ინტერვიუში მატოვიჩმა წამყვანის კითხვას უპასუხა, თუ რას ჰპირდებოდა რუსეთს ვაქცინის მომარაგებისთვის. სლოვაკეთის პრემიერმა ხუმრობით თქვა: ”ტრანსკარპატულ უკრაინას”. ამის შემდეგ, პრემიერმინისტრმა დაუყოვნებლივ დაამატა, რომ ის არაფერს დაჰპირებია რუსეთს და არც მოსკოვს უთხოვია მისთვის რამე, ​​მაგრამ სლოვაკეთის პრემიერის ნაჩქარევმა განცხადებამ კიევი განარისხა. საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნოტა, სადაც დაგმო მატოვიჩის სიტყვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები