შარლ მიშელსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი შედგა

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიშელმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაბალ დონეზეა. ასევე, დაადასტურა ევროკავშირის მიდგომა ხუთი სახელმძღვანელო პრინციპის მიმართ, რომელიც ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს ეფუძნება.

„ჯერ კიდევ არსებობს მრავალ საკითხში უთანხმოება. ევროკავშირის თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მდგრადი პროგრესი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა მინსკის შეთანხმებების შესრულება, წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული და კიბერშეტევების შეჩერება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ალექსეი ნავალნის საქმეზე. შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მოწოდება რუსეთის ხელისუფლებისადმი: გაათავისუფლონ ბატონი ნავალნი და აწარმოონ გამჭვირვალე გამოძიება მასზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შესახებ,“ – აღნიშნულია რელიზში.

ლიდერებმა ასევე განიხილეს კოვიდპანდემია, ვაქცინები და რეგიონული და გლობალური საკითხები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები