ეკატერინე ტიკარაძე აცრასთან დაკავშირებით რეგიონებში სამედიცინო პერსონალს შეხვდება
“პირადად მე ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას – „ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაბალია აქტივობა, განსაკუთრებით რეგიონებში, საუბარია სახელმწიფო კლინიკებზე, მათ შორის, საჩხერის კლინიკაზეც. რას გააკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ გააქტიურდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რა უნდა გააკეთოს უწყებამ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს“.
მინისტრმა განაცხადა, რომ კოლეგებთან შეხვედრას ხვალიდან ინტენსიურად დაიწყებს.
„ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული. პირადად მე ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება პირველი კლინიკა, რომელსაც მოვინახულებ და იმერეთის რეგიონი, სადაც განვახორციელებ ჩემს ვიზიტს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.