რუსუდან თევზაძე: საკმაოდ არასერიოზულ და გამაღიზიანებელ ხასიათს იძენს მოსახლეობაში ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილის დაჟინებული მოწოდებები ხალხის ქუჩაში გამოსვლისკენ

“როგორც გვახსოვს, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ძალიან მკაფიო და გასაგები მესიჯი გაუგზავნა ოპოზიციას, როდესაც განუმარტა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის დემოკრატიისათვის სასარგებლო ქმედება და სთხოვა მათ, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება და კომპრომისების ძიება”, – ამის შესახებ სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეს კონკრეტული საკითხი არაადეკვატურად შეაფასა.

“ეს კვალიფიციური და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როგორც ჩანს, კვლავაც არაადეკვატურად და დამახინჯებულად გაიგო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, და მისი სათადარიგო სკამიდან, პოლიტიკურ არენაზე ხელმეორედ მოხმობილმა აკო მინაშვილმა, რომლის მტკიცებითაც, ოპოზიციის ერთადერთი კომპრომისი მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან წამოსკუპება და შეთანხმების სურვილის ილუზიის შექმნა ყოფილა.
ვფიქრობ, ამგვარი გამონათქვამები აშკარად ცინიზმი და პოლიტიკური სიბეცეა, რომელიც მოლაპარაკების პროცესს სრულ დისკრედიტაციას უწევს და ქვეტექსტში მხოლოდ მოლაპარაკების ჩაშლის, არეულობისა და დესტაბილიზაციის სურვილს უსვამს ხაზს.
უკვე საკმაოდ არასერიოზულ და გამაღიზიანებელ ხასიათს იძენს მოსახლეობაში ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილის დაჟინებული მოწოდებები ხალხის ქუჩაში გამოსვლისკენ და ამ მიზნით, ქალაქებსა და სოფლებში, კარდაკარ ჩამოვლისა და არეულობის, ქაოსის მსურველთა მობილიზაციის დაანონსება. გაუგებარია, რა მეთოდებით აპირებენ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ერთკაციან-ორკაციანი სატელიტები ამის განხორციელებას, როდესაც ხალხის მობილიზაციის არც რესურსი და არც მათთან „მისასვლელი პირი“ აღარ აქვთ დიდი ხანია. ალბათ, უნდა ჩავთვალოთ, რომ  ,,ნაციონალებსაც,, გააჩნიათ თავიანთი „ნაციონალური ოცნებები“, რომლებსაც ასრულება არ უწერიათ.

საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო აშკარასა და თვალსაჩინოს ხდის იმ გარემოებას, რომ ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალების ასპარეზზე გამოსვლა, რომელნიც არანაირად არ იქნებიან აფილირებულნი არც სახელისუფლო და არც  ,,ნაციონალური მოძრაობის,, ბანაკებთან. ამგვარმა ძალებმა უნდა შეძლონ და გააერთიანონ თავის თავში ჩვენი საზოგადოების ის მართლაც ჯანსაღი ნაწილი, რომლებიც, მიუხედავად დიდი სურვილისა, მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ყოველთვის ერიდებოდნენ სხვადასხვა დროს, ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას”, – წერს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები