ზაალ უდუმაშვილი: თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ხვალ, 12:00 საათზე რუსთაველზე გამოვაცხადებთ
“ჩვენი გეგმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ზურგი შეაქცია არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ – ევროპასა და მთელს დასავლეთს.
,,ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და, მათ შორის, უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ხვალიდან ჩვენ გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმსა და სულ სხვა ტალღაზე. ამიტომ, ჩვენი გეგმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
გუშინ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.