ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თეა წულუკიანს სამინისტრო შეუქმნა
პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” თეა წულუკიანისთვის სამინისტრო სპეციალურად შექმნა.
ამის შესახებ ელისაშვილმა მმართველი გუნდის დეპუტატის მინისტრად დანიშვნის თემაზე საუბრისას განაცხადა.
“ფაქტია, რომ ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა, “ქართულმა ოცნებამ” არც აცია, არც აცხელა და ცალკე სამინისტრო შექმნა. წულუკიანი რვა წლის განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრი და მართლმსაჯულების სისტემა ჩააფლავა. ვისურვებ, რომ ისეთივე წარუმატებელი არ იყოს, როგორიც მართლმსაჯულების მინისტრი იყო,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. რესტრუქტურიზაციის პროცესში, განათლების სამინისტრო ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ უწყებად.