ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია – ევროკავშირის სააგენტო
ევროკავშირის წამლების მარეგულირებლის მიერ ჩატარებულმა მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ოქსფორდ-ასტრაზენეკას წარმოებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის „უსაფრთხო და ეფექტური” და მისი სარგებელი რისკებს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროპის წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ (EMA) მას შემდეგ ჩაატარა კვლევა, რაც ევროპის 13-მა ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია თრომბის წარმოქმნის საშიშროების გამო შეაჩერა.
წამლების მარეგულირებელი სააგენტოს დასკვნით, ასტრაზენეკას ვაქცინა თრომბის წარმოქმნის რისკის ზრდას არ უკავშირდება, თუმცა, მათივე განცხადებით, წამლების მარეგულირებელი სააგენტო მსგავსი კავშირების შესწავლას გააგრძელებს.
წამლების მარეგულირებელი სააგენტოს გამოძიებამ ყურადღება გაამახვილა სისხლის უჩვეულო დარღვევების მცირე რაოდენობაზე. კერძოდ, ვენური თრომბოზის შემთხვევების – თრომბები თავის არეში.
ვაქცინის გამოყენების შეჩერებამ გაზარდა შეშფოთება ვაქცინაციის ტემპებთან დაკავშირებით იმ რეგიონში, რომელშიც პრეპარატის მიწოდების დეფიციტი ისედაც შეინიშნებოდა. ევროპის უდიდესი ნაწილი კორონავირუსის შემთხვევების მატების შეჩერებას ცდილობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 18 მარტს მოუწოდა ქვეყნებს გააგრძელონ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია. ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარ კვლევას ჯანმო 19 მარტს გამოაქვეყნებს.
რა განაცხადა წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ?
„ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა,” – განაცხადა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ კუკმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება.
ემერ კუკის თქმით, EMA- ს საექსპერტო კომიტეტმა დაადგინა, რომ „ვაქცინა არ არის დაკავშირებული თრომბოზული მოვლენების ან თრომბის განვითარების საერთო რისკის ზრდასთან”.
თუმცა, წამლების მარეგულირებელი სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ის არ გამორიცხავს კავშირს ვაქცინასა და „სისხლის შედედების შემთხვევების უჩვეულო, მაგრამ სერიოზული დარღვევების მცირე რაოდენობასთან.
ამიტომ, მისი თქმით, კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია ამ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. ემერ კუკმა დასძინა, რომ დამატებითი კვლევა გრძელდება.
რატომ თქვა ევროპამ ასტრაზენეკას ვაქცინაციის გამოყენებაზე უარი?
ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია რეგიონში მისი გამოყენების შემდეგ თრომბის წარმოქმნის შემთხვევების მცირე რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შეაჩერა.
15 მარტს ევროკავშირის სამმა ქვეყანამ – გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციას წამლების მარეგულირებელი კომისიის გამოძიების შემდეგ გააგრძელებენ.
სამივე ქვეყანამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებაზე უარი უსაფრთხოების მიზნით თქვა.
„იყო რამდენიმე ძალიან უჩვეულო და შემაშფოთებელი შემთხვევა, რომლებიც ამართლებს ამ პაუზასა და ანალიზს”, – განაცხადა რადიო France Inter-თან საუბარში ფრანგმა იმუნოლოგმა ალეფ ფიშერმა, რომელიც საფრანგეთის მთავრობის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და დასძინა, რომ „ეს დაკარგული დრო არ არის”.
გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი გადაწყვეტილება, ასევე, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბების წარმოქმნის მიზეზით გაამართლა.
ავსტრიამ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეაჩერა, თუმცა, ბელგიაში, პოლონეთში და ჩეხეთში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდა.
ასტრაზენეკას ვაქცინის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისა და მეცნიერების ნაწილმა გააკრიტიკა.
გერმანიის ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების” სპიკერმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია შეაჩერა. იმავდროულად, გერმანიის ჯანდაცვის ექსპერტი იანოშ დამენი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას შეეძლო ამ პრეპარატის გამოყენების გაგრძელება.
ექიმმა ენტონი კოკსმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ბირმინგენის უნივერსიტეტში წამლების უსაფრთოხებას შეისწავლის, BBC-სთან განაცხადა, რომ ეს იყო „ცუდი გადაწყვეტილებების კასკადი, რომელიც მთელს ევროპაში გავრცელდა”.
ასტრაზენეკას განმარტება
კომპანია აცხადებს, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის მიზეზით ორგანიზმში თრომბის წარმოქმნის რისკის გაზრდის მტკიცებულება არ არსებობს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ 8 მარტის მონაცემებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ვაქცინირებულ 17 მილიონზე მეტ ადამიანში თრომბის მხოლოდ 37 შემთხვევაზე მიიღეს შეტყობინება.
„ეს მაჩვენებელი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე ველოდებოდით როგორც ამ მასშტაბის მოსახლეობის პირობებში, ისე კორონავირუსის საწინააღმდეგო ანალოგიური სხვა ლიცენცირებული ვაქცინებისგან”, – განმარტავენ ასტრაზენეკას მწარმოებლები.
ოქსფორდის ვაქცინების ჯგუფის დირექტორმა, პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა, რომელმაც ვაქცინა Oxford-AstraZeneca შეიმუშავა, 15 მარტს BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ძალზე დამაიმედებელია ის დადასტურებული სტატისტიკა, რომ დიდ ბრიტანეთში, სადაც აქამდე ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ვაქცინაცია ჩატარდა, თრომბების რაოდენობა არ გაზრდილა.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-europe-56440139